X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

კახეთში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა გრძელდება

29 მაისი 2020

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კახეთის რეგიონში აგრძელებს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობას. 

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი გუბერნიის და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად.

,,დღეს კახეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში ვიყავით და ძალიან სასიხარულოა რომ მიუხედავად ვირუსით გამოწვეული   პაუზისა,  ყველა მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები. 2020 წელი ისეთივე აქტიურია კახეთისთვის როგორც გასული წელი. რეგპროექტებისთვის გამოყოფილია, დაახლოებით 44 მილიონი ლარი თანადაფინანსების გარეშე. სამუშაოები მიმდინარეობს  140 პროექტზე. ეს  პროექტები  სხვადასხვა ფაზაშია, თუმცა სამუშაოები ყველა ობიექტზე მიმდინარეობს.  კომპანიების დიდმა ნაწილმა მოგვმართა  დაკარგული დროის დაკომპენსირებისთვის, რაც თავისთავად კანონმდებლობით გათვალისწინებულია და ვიმედოვნებ რომ ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივა ყველა პროექტი“-განაცხადა ილია ბეგიაშვილმა. 

რეგფონდით დაფინანსებულ პროექტებს შორისაა: საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში  მონასტერთან მიმავალი გზის მოასფალტება, საბავშვო ბაღის შიდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, სოფელ ჩაილურის ცენტრალური გზის მოასფალტება, ბადიაურში სპორტული დარბაზის მოწყობა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში შიდა საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბეში გზის რეაბილიტაცია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ახალი ჭაბურღილის და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია და სხვა.

2020 წელს კახეთის რეგიონი 44 მილიონი ლარით დაფინანსდა, რვა მუნიციპალიტეტში 140 პროექტი ხორციელდება. რეგპროექტებზე მუშაობა წლის დასაწყისიდანვე მაღალი ტემპით დაიწყო,  პანდემიის გამო სამუშაოები დროებით შეფერხდა, თუმცა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე რეგიონის მუნიციპალიტეტებში სამუშაოები კვლავ განახლდა.